პატარა მოთხრობა იმ კლასზე, სადაც მზე ყველაზე მეტად მზეობს
ჩემი კლასის კარი ყოველ დილით ჭრიალით იღება და 14 წყვილი ლამაზი და ჭკვიანი თვალი შემომყურებს... იმ დროს, როცა ერთი ბეწო ბედნიერება სანთლით საძებარია, მე თოთხმეტი მუჭა ერთდროულად მივსებს უბეს და სიხარულის, აღტაცებისა და სიამაყისაგან ცრემლი მერევა.
მაინც, რა ბედნიერ ვარსკვლავზე დავიბადე! ეს დაუდეგარი, ჭკვიანი და სათნო ბავშვები ხომ ჩემი შვილები არიან! აბა, შემოიხედეთ და თვალი გაუსწორეთ ამ საოცრებას - ბელა გაბელაიას თვალები იმდენ სინათლესა და გონიერებას აფრქვევენ, სამყაროს ეყოფა, ნინო მეტრეველის სათნო და კეთილი ღიმილი ქვეყნის მამშვენებელია, სიცოცხლეს რომ მოგასურვილებს, ნატალი მანდარიას ალალი, გულმართალი გამოხედვა ჯადოსნობის ტოლფასია, მარიამ ქურხაშვილის ცნობისმოყვარე და დინჯი მზერა მუდმივ მზადყოფნას გაიძულებს, ნინო უსენაშვილის ტკბილზე ტკბილი გულის ძგერა შენც სიკეთისათვის განგაწყობს, ლიკა გიორგაძის სინაზითა და მოლოდინით აღსავსე გამოხედვა შემართულ ხმალს ძირს დაგაშვებინებს, დათა ჩალათაშვილისგან სამშობლოს სიყვარულსა და თავგანწირვას ისწავლი, თორნიკე სიდამონიძე ისე საამოდ მოგესალბუნება, უკეთეს წამალს ვერ იპოვი, ნიკოლოზ ჭაბაშვილს მიანდეთ თქვენი სული და იმედი იქონიეთ, რომ არაფერი დაგიშავდებათ, დავით თავაძე კეთილშობილებისა და მამაკაცური სინატიფის უზადო მაგალითს გიჩვენებთ, გიორგი ქათამაძეს მალე, სულ მალე მსოფლიოს გამოჩენილ მეცნიერთა რიგებში იხილავთ, თორნიკე ომიაძე იმგვარ სიყვარულს მოგიძღვნით, არც კი დაგესიზმრებათ, რომა გიორგაძის სითბო და სიტკბო მთელი ცხოვრების მანძილზე გაგყვებათ და გზას გაგინათებთ... და ბოლოს, ჩემი ცელქი და მოუსვენარი დანიელი, სიკეთით სავსე და განუმეორებელი, მშვენიერი თვალებით უხმოდ მოგიბოდიშებთ და ღრმად დაგაფიქრებთ, ღირდა კი გაბრაზებადო?!
ერთად ვიზრდებით მე და თქვენ, ჩემო საყვარელო ბავშვებო! თქვენ მასწავლეთ, რატომ უნდა ვიყო მომთმენი და ლმობიერი, როგორ უნდა მიყვარდეთ, რომელი ჩვევა შეურაცხმყოფს, როგორი გამომეტყველება მიხდება, როდის ვარ ნამდვილი დედა და მასწავლებელი! თქვენი წყალობით გავიგე ისიც, როდის გამოვიყურები ლამაზად, როდის არის გაბრაზების დრო, რა არის ჭეშმარიტი სიყვარული, რისთვის მოვედი ამ ქვეყანაზე...
მე შევიძინე ცოტაოდენი რომანტიკა, ცოტაოდენი ხიბლი, ცერცვისოდენა ცოდნა და გამოცდილება, დიდი სითბო, კიდევ უფრო დიდი სიყვარული და ბევრზე ბევრი მეგობარი...
თოთხმეტი მუჭა ბედნიერება მხოლოდ მე მხვდა წილად დედამიწის ზურგზე...
სიყვარულით მანანა ნოზაძე
четверг, 27 января 2011 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)